სალამი, მეგობრებო! თუ გახსოვთ, წინა ბლოგში ნიუ-იორკში ჩვენი სტარტაპის ამბები გაგიზიარეთ. მაშინ გემშვიდობებოდით იმედით, რომ კარგი სიახლეებით დაგიბრუნდებოდით. ჰოდა, აი, ისევ აქ ვარ, თუმცა ამჯერად სულ სხვა გარემოში და სრულიად განსხვავებული ემოციებით.
ნიუ-იორკიდან პირდაპირ მექსიკაში ამოვყავი თავი!
აქამდე ამ ქვეყანაში არასდროს ვყოფილვარ. როგორც კი ჩემი საქმეები დავასრულე, მივხვდი, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება უბრალოდ დანაშაული იქნებოდა. წარმოიდგინეთ, შტატებში ხარ, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და შენ ამ ისტორიულ მოვლენას გვერდი უნდა აუარო? გამორიცხულია. ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო დრო იყო ჩემი პირველი მოგზაურობისთვის სამხრეთ ამერიკაში.
გზა მეხიკომდე და პირველი ემოციები
ნიუ-იორკიდან მეხიკოში თვითმფრინავით გადავფრინდი. დაახლოებით, 5-საათიანი ფრენა მქონდა. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩავედი, რომ მანამდე მოვმზადებულიყავი და ქალაქსაც შევჩვეოდი. როგორც კი ჩავედი, სასტუმროში დავბინავდი. ფრენის შემდეგ ზედმეტი გადაღლა არ მინდოდა, ამიტომ თავი ძალიან არ დამიტვირთავს და გადავწყვიტე, ეს დღე მშვიდი სეირნობისთვის დამეთმო. სასტუმროშივე შევუკვეთე უგემრიელესი, ცხელი, ყველით გატენილი კესადია. პირველივე ლუკმაზე მივხვდი, რომ ნამდვილი მექსიკური გემოები სულ სხვა ყოფილა.
სასტუმროში კარგად რომ დავისვენე და წავიხემსე, ისტორიული ცენტრის, Zócalo-ს მოედნისკენ გავისეირნე. აქ FIFA Fan Festival დამხვდა, სადაც უკვე იგრძნობოდა საფეხბურთო ციებ-ცხელება. მოედანზე უამრავი გულშემატკივარი იყო გამოსული. გარშემო ყველგან მუსიკა, სიმღერა და ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა იყო. იქვე, ქუჩის დახლთან ლუდი ავიღე და მატჩს დიდ ეკრანზე ვუყურე.
მექსიკა-ინგლისის მატჩი
მატჩის დღეს მეხიკო, ალბათ, მთელ პლანეტაზე ყველაზე ცოცხალ ქალად იქცა. საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან მწვანე მაისურებიანი ადამიანები მოძრაობდნენ. სანამ სტადიონამდე მივიდოდი, მეგონა, უბრალოდ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ კარგ მატჩს ვუყურებდი. რამდენიმე საათის შემდეგ მივხვდი, რომ მექსიკელებისთვის ეს ჩვეულებრივი თამაში არ იყო. მთელი ქვეყანა მოედანზე თავის ნაკრებთან ერთად იდგა.
პირადად მე, არც მექსიკის და არც ინგლისის განსაკუთრებული გულშემატკივარი არ ვარ, ამიტომ ყველაფერს სტუმრის თვალით ვაკვირდებოდი. ამის მიუხედავად, Estadio Azteca რომ დავინახე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ეს ის ადგილია, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერებოდა. რომ მივედი, სტადიონზე უკვე ათიათასობით ადამიანის გუგუნი ისმოდა. ეს კი იმის მომსაწავებელი იყო, რომ წინ დაუვიწყარი 90 წუთი მელოდა.
ამ ყველაფერმა ჩემი ქვეყანა გამახსენა. უცებ თვალწინ დამიდგა ის ემოცია, როცა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ზუსტად ასეთივე ერთიანობა, სიგიჟემდე მისული სიყვარული და ეროვნული სიამაყე... ფეხბურთს მართლაც აქვს საოცარი ძალა, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთ მუშტად შეკრას.
მატჩის დაწყებამდე ამინდი აირია. კოკისპირული წვიმისა და უამინდობის გამო თამაშის დაწყება ცოტათი გადაიდო. ამ მოლოდინმა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა და როგორც კი მსაჯმა სასტვენს ჩაბერა, სტადიონმა ერთიანად იფეთქა.
როცა მექსიკამ პირველი გოლი გაიტანა, ისეთი ხმაური და ყვირილი ატყდა, მეგონა „აცტეკას“ ტრიბუნები მიწისძვრასავით ზანზარებდა. ლუდის ჭიქები ჰაერში დაფრინავდა, უცნობი ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ და ტიროდნენ. მოგვიანებით, როცა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს, მექსიკელებს გამარჯვების იმედი ჩაესახათ. თუმცა, ბოლო წუთების თავდაუზოგავი შეტევის მიუხედავად, მექსიკამ ვერ შეძლო სასურველი ანგარიშის შენარჩუნება. საფინალო სასტვენის შემდეგ სტადიონზე წამიერად ისეთი მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ყველამ სუნთქვა შეწყვიტა. ადგილობრივების თვალებში დიდი იმედგაცრუება ჩანდა. ამის მიუხედავად, მათ თავიანთ გუნდს ბოლომდე ტაშით გადაუხადეს მადლობა.
MÉXICO, SIEMPRE TE RECORDARÉ
ეს მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება. მექსიკამ თავისი გულწრფელი ემოციებითა და სტუმართმოყვარეობით პირველივე დღიდან შემაყვარა თავი.
ამ ბლოგსაც მეხიკოდან ვწერ. ინტერნეტის პრობლემა არც აქ შემქმნია. mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი მექსიკაში მშვენივრად იჭერს. ამჯერადაც ულიმიტო პაკეტი შევიძინე. ამერიკის eSIM უმარტივესად შევცვალე მექსიკის ელექტრონული ბარათით.
წინ კიდევ რამდენიმე დღე მაქვს და ვგეგმავ, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო. მინდა მოვინახულო უძველესი პირამიდები და კიდევ უფრო ახლოს გავეცნო აქაურ კულტურას.
შემდეგი გაჩერება ისევ ნიუ-იორკია. მერე კი თბილისში დავბრუნდები.
დროებით!
პაკეტები