Bonjour!
ალბათ, უთვალავჯერ წარმომიდგენია ეს მომენტი სკოლის მერხთან ჯდომისას. ფრანგულის გაკვეთილზე რვეულის ბოლო ფურცლებზე ეიფელის კოშკს ვხატავდი და მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი, ერთხელაც „შერბურგის ქოლგების“ ჟენევიევასავით ფერადი ქოლგა დამეჭირა ხელში, პარიზის რომელიმე მყუდრო ქუჩაში მესეირნა და კაფეში ფრანგული შანსონის ფონზე მჯდარს წვიმის წვეთებისთვის მეყურებინა. ველოდებოდი, როდის გავეხვეოდი მომაჯადოებელ თავგადასავალში.
პარიზი ჩემთვის ყოველთვის რაღაც მიუწვდომელ, კინემატოგრაფიულ ზღაპარს ჰგავდა. მე ხომ იმთავიდან გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ... სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს დღემდე არ შეცვლილა.
წლები გავიდა და ერთ დღესაც მივხვდი, საკუთარი ოცნებების სხვებზე გადაბარება ან მათი სამუდამოდ თაროზე შემოდება არ შეიძლება. ჩემს თავს ვუთხარი - თუ ახლა არა, აბა როდის? ჩავალაგე ჩემოდანი და პარიზში მარტო გამოვფრინდი.
პირველი, სადაც ფეხი დავდგი, რა თქმა უნდა, ეიფელი იყო. იდგა იქ, ზუსტად ისეთი დიდებული და გრაციოზული, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. ხალხმრავლობაში ვიდექი, ირგვლივ ყველა ბედნიერი სახით იყურებოდა, მე კი ტელეფონი ამოვიღე და დედას მივწერე:
„დე, დღეს მართლა მივხვდი, რატომ უყვარს ყველას პარიზი“
საბედნიეროდ mobineX-ის როუმინგ ინტერნეტი საფრანგეთში შესანიშნავად იჭერს. დედას ლამაზი წუთები გავუზიარე და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა.
მართლაც, ამ ქალაქში რაღაც უცნაური მაგია ტრიალებს ჰაერში.
მთელი დღე დავხეტიალობდი მონმარტრის მოკირწყლულ ქუჩებში, მერე სენის სანაპიროს გავუყევი. უცნაურია, ბევრს მარტო მოგზაურობის ეშინია. მე კი მგონია, მარტო სეირნობაზე დიდი ფუფუნება არაფერია. მიდიხარ იქ, სადაც შენ გინდა, ჩერდები იქ, სადაც შენ მოგესურვება და არავის აზრს არ უწევ ანგარიშს. საღამოს მეგობრებს მესიჯი გავუგზავნე:
„მთელი დღე მარტო ვსეირნობდი და ერთხელაც არ მომიწყენია. ალბათ, ასაკში შევედი.“
არადა, ასაკი რა შუაშია. უბრალოდ, ვისწავლე, როგორ ვიყო საკუთარი თავისთვის სასიამოვნო კამპანია. ალბათ, ესეც გამოცდილებით მოდის.
შებინდებისას პატარა, მყუდრო ბისტროში შევედი. გადავწყვიტე, ჩემს კომფორტის ზონას გავცდენოდი და ხამანწკები შევუკვეთე, ერთი ბოკალი ჩაცივებული თეთრი ღვინით. პირველი ლუკმის მერე ემოცია იმდენად მძაფრი იყო, მაშინვე მამა გამახსენდა. გემრიელი ჭამა ბავშვობიდან მამამ მასწავლა.
„მა, ხამანწკები გასინჯული გაქვს?“
პასუხს არც კი დაველოდე, ისე გავუღიმე მიმტანს, რომელმაც ჩემი დაბნეული, მაგრამ აღფრთოვანებული მზერა შეამჩნია და თავაზიანად დამიკრა თავი. ბისტროში თბილოდა და ახლად გამომცხვარი ბაგეტის სურნელი იდგა. ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით ვსვამდი ღვინოს და თვალს ვადევნებდი გვერდით მაგიდასთან მსხდომებს. ვგრძნობდი, როგორ მეკარგებოდა სადღაც გაქცევის თუ აჩქარების ყოველგვარი სურვილი.
ანგარიში გავასწორე, თბილად დავემშვიდობე მასპინძელს და შემოდგომის გრილ ჰაერზე გამოვაბიჯე. ქუჩა უკვე ყვითლად განათებული ფარნებით ბზინავდა, სველი ასფალტი კი პარიზის შუქებს ირეკლავდა. უმიზნოდ, მსუბუქი ნაბიჯით გავუყევი ბულვარს. იმ შეგრძნებით, რომ ქალაქიც და საკუთარი თავიც ბოლომდე შენ გეკუთვნის.
ეს ქალაქი სურვილს გიჩენს, საკუთარი თავი ბოლომდე გაანებივრო. ერთ-ერთ ვიტრინაში შავი-კრემისფერში, კლასიკური Chanel-ის სლინგბექი (Slingback) დავინახე და წამში მივხვდი – ეს ის იყო. ელეგანტური, თავდაჯერებული…
And Just Like That… ის ფეხსაცმელი ვიყიდე.
სასტუმროს ნომერში დაღლილი, მაგრამ წარმოუდგენლად ბედნიერი დავბრუნდი. შენაძენი საწოლთან, თვალსაჩინო ადგილას შემოვდე, რომ მთელი ღამე მეყურებინა. ფანჯარა გამოვაღე და ერთო-ორი წუთით პარიზის ხედებით დავტკბი.
ხვალ ახალი დღეა. გეგმაში მაქვს, მარეს უბნის პატარა გალერეებსა და ვინტაჟურ მაღაზიებს ვესტუმრო. ისევ ისე, უმიზნოდ და აუჩქარებლად.
A bientôt, პარიზო!
პაკეტები