none
თაკოს ბლოგი ბარსელონიდან

“თაკოს ბლოგი ბარსელონიდან”

ზოგადი ინფორმაცია
12.03.2026

ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად სად გინდა მოგზაურობაო, დაუფიქრებლად გეტყოდით - ესპანეთში. დიდი ხანია, ეს ქვეყანა თავისი სიცოცხლით სავსე ქუჩებით, მდიდარი ხელოვნებით, ისტორიით, კულტურით ჩემს “Bucket List”-ში პირველ ადგილს იკავებს. ასე მგონია, რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. ხომ ამბობენ, ბასკები და ქართველები მონათესავე ერებიაო… ჰო, არ ვიცი, რამდენად ეგრეა, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ხალხი ჩემში ნამდვილად განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს.


ჰოდა, ბევრს აღარ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ, როგორც კი, საახალწლოდ ჩემს ანგარიშზე დედამ, მამამ, ბებომ და ბაბუმ დონაცია გაიღეს, მაშინვე გადავწყვიტე, შემდეგი ადგილი, რომელიც უნდა დამელაშქარა, ბარსელონა იქნებოდა. ბილეთები სპონტანურად ვიყიდე. თებერვალში უნივერსიტეტიდან ვისვენებ. ვიფიქრე, მოგზაურობა არდადეგების იდეალური დასასრული გამოვიდოდა. წინა სემესტრის მერე დასვენება ნამდვილად დავიმსახურე... ამინდებშიც გამიმართლა. ამინდის პროგნოზი მომდევნო დღეებში ბარსელონას ქუჩებში თბილ და მზიან დღეებს მოასწავებს. 


ერთი სიტყვით, ბილეთები იანვარში ვიყიდე. ბარსელონაში კი დღეს ჩამოვედი. დიახ, სწორად გაიგეთ. ამ ბლოგს Onefam Sants-ის ჰოსტელიდან ვწერ. ახლა კი მოგიყვებით, როგორ ვიმგზავრე და, როგორი იყო ჩემი პირველი დღე ესპანეთში!

გზაზე 

ფრენა ქუთაისიდან მქონდა. ამიტომ, დილით 8:00 სთ-ზე ავდექი, რომ ავტობუსით აეროპორტამდე ჩავსულიყავი. ადრე ადგომა არ მიყვარს, მაგრამ ფრენამდე ყოველთვის ისეთი აღფრთოვანებული ვარ, მაინც ვერ ვიძინებ ხოლმე. ამჯერადაც მთელი ღამე ვცქმუტავდი. ავტობუსამდე დედამ მიმიყვანა. გამცილებელს ბილეთი ვაჩვენე და კუთვნილ ადგილას დავჯექი. 


ყურსასმენები გავიკეთე, სპეციალურად ბარსელონასთვის გაკეთებული “playlist” ჩავრთე და თვალებზე საძილე ნიღაბი ჩამოვიფხატე. ვცადე, გზად ჩამძინებოდა. ამ დროს გამახსენდა, რომ როუმინგ ინტერნეტის ყიდვა დამავიწყდა. საბედნიეროდ, გვიანი არც ახლა იყო. ბოლოს, ბუდაპეშტში რომ ვიყავი, mobineX-ის მობილური ინტერნეტით ვსარგებლობდი. MB-ები მთელი “trip” მეყო. ჰოდა, ამჯერადაც გავხსენი აპლიკაცია, რომ ესპანეთის ინტერნეტ პაკეტები მენახა. აპლიკაციაში სიახლე დამხვდა. ახალი ფუნქციონალი - AI ასისტენტი დაუმატებიათ, რომელიც თავად გირჩევს შენი საჭიროებების მიხედვით, რომელი პაკეტია შენთვის ყველაზე ოპტიმალური. მეც AI ასისტენტის რჩევას დავუჯერე. ესპანეთში სულ 3 დღით ვარ. რეკომენდაციის მიხედვით, 3GB შევიძინე. გეტყვით, რომ ჯერ 1GB-ც არ დამიხარჯავს. 


აეროპორტამდე გზის დარჩენილი ნაწილი Bridgerton-ის ახალ სეზონს ვუყურებდი. ბენედიქტი ნამდვილად ჩემი რჩეული ბრიჯერტონია. სიამოვნებით გავიყოლებდი თანამგზავრად ბარსელონაში. ჩემი აზრით, კარგადაც გავერთობოდით. 


ქუთაისში ცოტა წავიხემსე. დედას გაკეთებული სენდვიჩი მივირთვი ყავასთან ერთად. შემდეგში, ვეცდები, ყავაც წამოვიღო თერმოსით. თქვენც იმავეს გირჩევთ. 


ქუთაისიდან ბარსელონამდე დაახლოებით 5 საათი დამჭირდა. 4:30-ზე უკვე ჩემს საოცნებო ადგილას ვიყავი. ჰო, არ გეგონოთ, დავიღალე. ჯერ კიდევ ენერგიით ვიყავი სავსე. mobineX-ის აპლიკაციით ჩემებს დავურეკე და შევატყობინე, რომ მშვიდობით ჩავფრინდი.

Hola, Barcelona!

El Prat-ის აეროპორტში, პირველი, რაც გავაკეთე, სამგზავრო აბონიმენტის შეძენა იყო. €13 დაჯდა აბონიმენტი, რომელიც 10-ჯერ მგზავრობის საშუალებას გაძლევს მატარებლით, ავტობუსით და ტრამვაით. ჰოდა, მეც მატარებლით გავუყევი გზას ჰოსტელისკენ. 6 საათისთვის Onefam Sants-ის ჰოსტელში ვიყავი, რომელიც წინასწარ მქონდა დაჯავშნილი. 


Onefam Sants-ი იდეალური ვარიანტია ახალგაზრდებისთვის, ვისაც თანხის დაზოგვა სურს და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს. ჰოსტელში შეგიძლია სხვა დამსვენებლები გაიცნო. საღამოობით საერთო სივრცეში უფასო ვახშამი ეწყობა, რაც კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას გაძლევს. ნამდვილად მინდოდა დავრჩენილიყავი და ამ რიტუალის ნაწილი მეც გავმხდარიყავი, თუმცა ამდენი დრო არ მაქვს. სულ 3 დღით ვარ ჩამოსული. ამიტომ, მეზობელ მაღაზიაში ბაგეტი, ყველი და ხამონი ვიყიდე. ეს ყველაფერი €5-ც კი არ დამიჯდა. გემრიელად მივირთვი და ბარსელონას ქუჩების დასათვალიერებლად გავედი. 


მზის ჩასვლა ბარსელონაში

Sants-დან ქუჩას ფეხით გავუყევი. ქუჩაში ხეტიალი ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობისას. გარშემო ყველაფერი ჯადოსნური მეჩვენებოდა და მინდოდა, ყველაფრისთვის ფოტო გადამეღო. ასეც ვიქცეოდი. სურათებს მოგვიანებით გაგიზიარებთ, არ იღელვოთ. 


ვნახე სავაჭრო ცენტრი - Arenas de Barcelona, უზარმაზარი ვენეციური კოშკები - Torres Venecianes და ყველაზე მთავარი - მაგიური შადრევანი. თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობაა, რაც კი ოდესმე მინახავს. იქვე ჩამოვჯექი Palau Nacional-თან და მუსიკის ფონზე მოცეკვავე შადრევანს ვუყურებდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან მე ეს შევძელი, ოცნება ავისრულე და ბარსელონას ქუჩებში თავისუფლად დავსეირნობდი. 


11-ისთვის ჰოსტელისკენ წამოვედი. გზად ყველგან ბარები და კაფე-რესტორნები მხვდებოდა. ყველგან მხიარულება იყო. იგრძნობა, რომ აქ ადამიანებმა იციან, როგორ დატკბნენ სიცოცხლით. მეც ერთ-ერთ ბარში შევედი, ერთი კათხა ლუდი ავიღე და მერე ჰოსტელში დავბრუნდი. 

ღამე მშვიდობისა

ჰოსტელში რომ დავბრუნდი, ვახშამი უკვე დაესრულებინათ. თუმცა, მისაღებში, აქა-იქ ჯერ კიდევ იყვნენ დამსვენებლები შემორჩენილი. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. ჩემი ყურადღება ორმა ბიჭმა მიიქცია. უზარმაზარი რუკა ჰქონდათ გაშლილი და რაღაცაზე ხმამაღლა მსჯელობდნენ. არ ვიცი, ლუდმა იმოქმედა, თუ უცხო ქვეყანაში ყოფნის სითამამემ, მივედი და ვკითხე, რაზე საუბრობდნენ. ამიხსნეს, რომ ლაშქრობაზე გეგმავდნენ წასვლას. ასე გავიცანი ფლორიანი და გეორგი. ორივე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია. არქიტექტურაზე სწავლობენ. მგონი, ძალიან გამიმართლა, რადგან არქიტექტორები ვიპოვე გიდად. ხვალ მათთან ერთად ვაპირებ გაუდის პარკში წასვლას. მერე ბევრი ვილაპარაკეთ. მე საქართველოზე მოვუყევი. არც ერთი არაა ნამყოფი და ორივეს ძალიან მოუნდა. ჰოდა, ვინ იცის, შეიძლება, ერთ დღესაც მეც გავუწიო გიდობა. 


ერთი სული მაქვს, როდის გათენდება. ხვალინდელ ამბებსაც აუცილებლად მოგიყვებით. ახლა კი, ღამე მშვიდობისა!